ისვახან ალიევი WMO-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო სპორტის ორგანიზაცია Imperium Championship საერთაშორისო საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას აგრძელებს.

როგორც ცნობილია, Imperium Championship-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ადგილობრივი და უცხოელი სპორტსმენები მსოფლიოსა და ევროპის ტიტულებისთვის იბრძვიან. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში საბრძოლო სპორტების განვითარება და ქართველი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო დონეზე წარმატების მისაღწევად ახალი შესაძლებლობების შექმნა.

ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. Imperium Championship-მა ოფიციალური თანამშრომლობისა და საქართველოს წარმომადგენლობის უფლება მოიპოვა Muaythai-ის სამყაროს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან – World Muaythai Organization (WMO).

აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოში Muaythai-ის სპორტსმენებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. მომავალში WMO-ს საერთაშორისო ტიტულებისთვის ბრძოლების საქართველოში ჩატარებისა და ქართველი სპორტსმენებისთვის საკუთარ ქვეყანაში მსოფლიო დონის ტიტულების მოსაპოვებლად ასპარეზობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება.

Imperium Championship-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქენან ბაირამოვმა აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჩვენ, Imperium Championship-ის გუნდმა, მიზნად დავისახეთ ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მსოფლიო დონეზე გაყვანა და მათთვის მნიშვნელოვანი წარმატებების მოპოვებაში დახმარება. როგორც უცხო ქვეყნებში იზრდებიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ჩემპიონები, ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ვარსკვლავები საქართველოშიც გამოჩნდნენ.

Kickboxing-სა და Muaythai-ში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება თითოეული სპორტსმენის დიდი ოცნებაა. ჩვენი მიზანია, სპორტსმენებს აღარ დასჭირდეთ სხვა ქვეყნებში გამგზავრება მხოლოდ იმისთვის, რომ მსოფლიო ტიტულისთვის იბრძოლონ. საერთაშორისო ფედერაციებთან ოფიციალური თანამშრომლობის გზით ჩვენ ამ ტიტულებს საქართველოში ჩამოვიტანთ და სპორტსმენებს Imperium Championship-ის პლატფორმაზე მათთვის ბრძოლის შესაძლებლობას შევუქმნით.

ჩვენი მიზანი მხოლოდ ტურნირების ორგანიზება არ არის — ჩვენ გვინდა, რომ საქართველოდან მსოფლიო დონის ჩემპიონები აღიზარდონ.“

WMO-სთან მიღწეული შეთანხმება უკვე ოფიციალურად გაფორმებულია. ამასთანავე, Imperium Championship-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ისვახან ალიევი, World Muaythai Organization-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა.

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში Muaythai-ის განვითარებისთვის, ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის და საქართველოში მსოფლიო დონის ტიტულებისთვის ბრძოლების ორგანიზებისთვის.