აღმოაჩინეთ საუკეთესო სალაშქრო მარშრუტები სტამბოლსა და მის გარშემო
აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე მომაჯადოებელი სტამბოლი გარდა კულტურული ღირსშესანიშნაობებისა, გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითაც. იგი ტურისტებს მრავალფეროვან და თავგადასავლებით აღსავსე ლაშქრობებს სთავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს საუკეთესოდ განიტვირთონ და ამასთან, აღმოაჩინონ უნიკალური ადგილები.
ბელგრადის ტყე სტამბოლში
ბელგრადის ტყეს, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, “სტამბოლის ფილტვებს” ეძახიან. მისი ფართობი მოიცავს დაახლოებით 5,500 ჰექტარს. აქ ხეების, მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების მრავლნაირი სახეობა დაგხვდებათ. ტყე ასევე გთავაზობთ ხეებით დაჩრდილულ საპიკნიკე ადგილებს და სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებს.
ბალიკაიალარი – სამოთხე ქალაქთან ახლოს
ბალიკაიალარის პარკი (Ballıkayalar) სტამბოლიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე მდებარეობს. პარკი გთავაზობთ საოცარ სამოგზაურო გამოცდილებას, რაშიც შედის აყვავებული კანიონი, პაწაწინა ტბები, ჩანჩქერები და ნაკადულები. პარკში გადის საფეხმავლო მარშრუტიც. პარკის პოპულარობას ხელს უწყობს ფაუნის მრავალფეროვნებაც. ლაშქრობისას გზადაგზა ნახავთ შველს, გარეულკურდღლებს, კვერნებსა და ფრინველთა მრავალ სახეობას.
აღსანიშნავია, რომ პარკისდასათვალიერებლად გაზაფხული შესანიშნავ პერიოდს წარმოადგენს.
თექირდაღის საგანძური: უჩმაქდერე (თურქ. Uçmakdere)
ბუნების მოყვარულთათვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია სოფელი უჩმაქდერე, რომელიც სტამბოლთან ახლოს, თექირდაღში, შარქოის რაიონშიმდებარეობს. იგი დაფარულია აყვავებული ფიჭვნარებითა და სხვა საინტერესო მცენარეებით. ამასთან იგი მთებისა და მარმარილოს ზღვის საოცარ ხედებს გთავაზობთ. სოფელი ასევე საკმაოდ ცნობილია ადგილობრივი სოფლის პროდუქტებით, საინტერესო ცხოვრების წესითა და კულტურით, რაც მას ველოსიპედისტებისთვისა და მოტოციკლეტისტებისთვის საკმაოდ პოპულარულ მარშრუტად აქცევს
აღსანიშნავია, რომ უჩმაქდერე საუკეთესო ადგილია პარაპლანისტებისთვის, რომლებსაც ფრენა 650 მეტრის სიმაღლეზე შუძლიათ.
ერიკლის პლატო (Erikli Plateau )
კიდევ ერთი პოპულარული სალაშქრო ადგილია ერიკლის პლატო, რომელიც იალოვას რაიონში მდებარეობს. იგი სტამბოლიდან დაახლოებით ორი საათის სავალზეა. პლატო გარშემორტყმულია ვაშლის, ნაძვის, ცაცხვის, წაბლისა და თელას ხეებით. ერიკლის პლატოს დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ისეირნოთ ქალაქ თეშვიკიეს ტყეში, სადაც მრავალი ჩანჩქერი და პატარა ტბები დაგხვდებათ.
ასევე საინტერესოა დელმეჩეს პლატოც, რომელიც საუკეთესო ადგილია ქემფინგის მოყვარულთათვის.