ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩემი მოწვევისთვის საპატიო სტუმრის რანგში

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩემი მოწვევისთვის საპატიო სტუმრის რანგში, ამ ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის და ულამაზეს ქალაქ ბაქოში ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.

„დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო პრეზიდენტებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, სამიტის მონაწილენო. სასიხარულოა ჩემთვის მოძმე აზერბაიჯანში ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის, გაეროს სპეციალურ პროგრამაში ჩართული სახელმწიფოს მეთაურების სამიტში მონაწილეობა. მაქვს პატივი საპატიო სტუმრის რანგში მივმართო აქ შეკრებილ საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩემი მოწვევისთვის საპატიო სტუმრის რანგში. ამ ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის და ულამაზეს ქალაქ ბაქოში ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის. გულწრფელად გილოცავთ ამ პროგრამის დაარსების 25 წლის იუბილეს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა სექტორული თანამშრომლობისთვის და ჩარჩო ინიციატივად იქცა რეგიონში სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.