ბოდრუმის ციხე – თურქეთის საოცარი ისტორიული ღირსშესანიშნაობა
პოპულარული დასასვენებელი კურორტი ბოდრუმი, რომელიც მდებარეობს თურქეთის სამხრეთით, ეგეოსის რეგიონში, ისტორიის მანძილზე უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო არის ბოდრუმის ციხე.
ეს დიდებული ძეგლი და ქალაქის ღირსშესანიშნაობა ცნობილია როგორც წმინდა პეტრეს ციხე, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ციხე, რომელიც აშენდა მე-15 საუკუნეში, დგას ნავსადგურის შესასვლელთან და გთავაზობთ ქალაქისა და ზღვის ულამაზეს ხედებს. იგი თავისი შთამბეჭდავი კედლებით, კოშკებით, ციხე შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი არქიტექტურული ნიმუშია.
სამი მხრიდან ზღვით გარშემორტყმული ეს ტერიტორია ანტიკურ ხანაში კუნძული იყო, მოგვიანებით კი ხმელეთს დაუკავშირდა და დღეს ნახევარკუნძულის სახით გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ციხის მშენებლობაში გამოყენებული იქნა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთის და დროთა განმავლობაში მიწისძვრებით განადგურებული ჰალიკარნასის მავზოლეუმის ქვები. მას აქვს ოთხი კოშკი – ინგლისური, ფრანგული, გერმანული და იტალიური კოშკები, რომელთაგანაც ყველაზე მაღალი არის ფრანგული. მისი სიმაღლე 47,5 მეტრს აღემატება.
ბოდრუმის ციხე ისტორიული ადგილის გარდა, ითვლება მუზეუმადაც, რომელიც გთავაზობთ რეგიონის მდიდარ და საინტერესო ისტორიას. ვიზიტის დროს შეგიძლიათ შეისწავლოთ მისი შთამბეჭდავი არქიტექტურა, დაათვალიეროთ გამოტანილი სამუზეუმო ექსპონატები და თავადაც დარწმუნდებით მის სიდიადეში. აქ ასევე გამოფენილია უძველეს დროში ჩაძირული, ლიკიური სავაჭრო გემი „ულუბურუნი“, რომელიც 3300 წელს ითვლის.