აზერბაიჯანმა ყარაბაღში სომხების რეინტეგრაციის პროგრამა გამოაქვეყნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად გამოაქვეყნა პროგრამა მთიან ყარაბაღში სომხების რეინტეგრაციის შესახებ.

ბაქოს მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხების სრულად განიარაღება უნდა მოხდეს, ადგილზე კი საზოგადოებრივ წესრიგს აზერბაიჯანის პოლიცია დაიცავს.

დოკუმენტი ხუთი ნაწილისგან შედგება და ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ სომხების რეინტეგრაცია მოხდება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვის საფუძველზე.

გამოქვეყნებული დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში მმართველობა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების დახმარებით განხორციელდება. გარდა ამისა, ყარაბაღში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების გზით ჩამოყალიბდება.